ქუთაისის უნივერსიტეტმა პანელური დისკუსია გამართა. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ბიზნეს -სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი ბიზნეს- სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება იყო. როგორც პანელურ დიკუსიაზე აღინიშნა, ქუთაისის უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიზნეს- სექტორის მოსაზრება კადრებისა და დასაქმების ბაზარზე რეგიონის მასშტაბით. შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი პეტრე ადამაძე. „ქუთაისის მერია მიესალმება მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას. რეგიონისთვის აქტუალურია შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლება. საგანმანათლებლო სექტორთან და ბიზნესთან კომუნიკაციით ერთობლივი ძალებით შევძლებთ აღნიშნული გამოწვევის გადალახვას. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონში სამუშაო ძალას ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა და კომპეტენციები, რათა ისინი აკმაყოფილებდნენ შრომის ბაზრის კონკურენტულ მოთხოვნებს“ - განაცხადა პეტრე ადამაძემ.