ქუთაისის მერიამ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შესამუშავებლად კონკურსი გამოაცხადა.
გენერალური განაშენიანების გეგმა იქნება ერთგვარი არქიტექტურული კონსტიტუცია, რომელიც ქალაქს დაიცავს ქაოსური განაშენიანებისგან და შეუნარჩუნებს ისტორიულ იერსახეს. კონკურსი დღეს გამოცხადდა და მისი ღირებულებაა 508 475, 00 ლარი. პროექტის განხორციელების მაქსიმალური ვადა კი- 220 დღე.
ქალაქის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების პროცედურა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიცირებით დაიწყო. საპროექტო მომსახურების I ეტაპის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, შემუშავებულ იქნა საკონკურსო დოკუმენტაცია. გამოცხადდა სახელმწიფო შესყიდვა CNT200000030. ტექნიკური დავალება მომზადდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ კოორდინირებით, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის დახმარებით, საქართველოში სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და მშენებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობით.