ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს პეტრე ადამაძე უხელმძღვანელებს. აღნიშნულ პოსტზე იგი კონკურსის წესით დაინიშნა.
პეტრე ადამაძე დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1993 წელს. დაასრულა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა.
ამჟამად პეტრე ადამაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის დოქტორანტი, მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე.
პეტრე ადამაძემ წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა და მოიპოვა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. იგი ასევე ფლობს ამავე უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. მას ასევე განათლება მიღებული აქვს გერმანიაში, იუსტუს ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. ფლობს ინგლისურ, რუსულ ენებს და გერმანულ ენებს. უნივერსიტეტში სწავლის დროს მოპოვებული აქვს სახელმწიფო და შიდა საუნივერსიტეტო სტიპენდია.
რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, პეტრე ადამაძეს ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება დაუგროვდა. იყო სამოქალაქო კვლევების და განვითარების ცენტრის (ტრენინგ ცენტრი CRDC) გენერალური დირექტორი. ამავე ორგანიზაციაში ატარებდა ტრენინგებს მენეჯმენტის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის: სტრატეგიული მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მართვის, მარკეტინგის და PR მენეჯმენტის ტრენერი. აქტიურად იყო ჩართული განათლების და მეცნიერების საკითხებში, კერძოდ იყო კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი. საკუთარი ნამუშევრით სპიკერად მიწვეული იყო ეკონომიკისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციაზე ჰარვარდის უნივერსიტეტში.