ქუთაისში განახლდა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებული იყო. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ბექა ყურაშვილთან ერთად, ბუხაიძის ქუჩაზე კორპუსების შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ქალაქის 19 საერთო ეზოში მიმდინარეობს კორპუსებამდე მისასვლელი გზების დაგება.
„ვაგრძელებთ იმ სამუშაოებს, რომლებიც 2020 წლისთვის გვქონდა დაგეგმილი. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უკვე შეგვიძლია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა. შესაბამისად, განვაახლეთ ის სამუშაოები, რომლებიც პანდემიამდე გვქონდა დაწყებული. მუშაობის პროცესში დაცულია ყველა რეკომენდაცია“- განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.
კორპუსებამდე მისასვლელი გზების მოსაწესრიგებლად სულ 400 000-მდე ლარია გამოყოფილი და სამუშაოები ივნისის ბოლოსთვის დასრულდება.