იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა სასურსათო ამანათები მიიტანეს იმ ოჯახებში, რომლებსაც გამკაცრებული რეგულაციების გამო პროდუქტის შეძენა და მომარაგება უჭირთ.
სააღდგომო ნობათს ქუთაისში 3000-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. აღნიშნულ აქტივობას ქუთაისის მერია ყოველ წელს ახორციელებს. 21 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების სრულად აკრძალვის გათვალისწინებით, ქუთაისში მცხოვრებ ათასობით ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება პროდუქტს საცხოვრებელ ადგილებზე ურიგებს. რამდენიმე ოჯახში დღეს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი პირადად იმყოფებოდნენ, მათ სასურსათო პაკეტები გადასცეს და რეკომენდაციების სრულად დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე სასურსათო ამანათები მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორიამ მიიღო. ქუთაისში საკვები პროდუქტი 14 000-მდე ადამიანს გადაეცა.