ქუთაისი

ქუთაისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მისი ასაკი 3500 წელზე მეტს  მოითვლის. მე-6 საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი თვლიდა, რომ ქუთაისი კოლხეთის მეფის - აიეტის რეზიდენცია ,,აია-კუტაია“ იყო. ძველი ქუთაისი დეტალურად არის აღწერილი ძვ.წ. მე-3 საუკუნის ბერძენი პოეტისა და მეცნიერის აპოლონიოს როდოსელის მონუმენტურ ეპიკურ პოემაში - ,,არგონავტიკა“. 
აღნიშნული პოემა წარმოადგენს ძვ.წ. მე-14-მე-13 საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ბერძნული მითოლოგიის ბრწყინვალე ძეგლის -  ოქროს საწმისისა და არგონავტების თქმულებების ლიტერატურულ გადამუშავებას. მსოფლიოს ცნობილ ისტორიკოსთა უმრავლესობა ყოველთვის ემხრობოდა იმ აზრს, რომ არგონავტიკის სამყარო კოლხეთია, ხოლო აიეტის რეზიდენცია - ქუთაისი. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 1984 წელს, როდესაც მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი მოგზაური ტიმ სევერინი საქართველოსა და ქუთაისს ეწვია. 
არქეოლოგიური კვლევით ირკვევა, რომ ქალაქი კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი იყო ძვ. წ. VIII-XI საუკუნეებში. შუა საუკუნეებში, მე-8 საუკუნიდან მე-11 საუკუნემდე ქუთაისი საქართველოს სამეფოს დედაქალაქი იყო. ქალაქი და მისი შემოგარენი მდიდარია შუა საუკუნეების არქიტექტურული შედევრებით: ბაგრატის ტაძარი, მოწამეთას მონასტერი, გეგუთის კომპლექსი და  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გელათის სამონასტრო კომპლექსი.
ქუთაისი და მის ირგვლივ მდებარე ვრცელი ტერიტორია ისეთ ისტორიულ-გეოგრაფიულ ერთეულს ქმნიდა, რომელსაც საქართველოში ძველთაგანვე ,,ქვეყანას“ უწოდებდნენ. ამ ფონზე ჩამოყალიბდა ტერმინი ,,ქუთაისის ქვეყანა“ ან „ქუთათისის ქვეყანა».  ქუთაისი და ქუთათისის ქვეყანა სხვადასხვა სახელწოდებებით არის ცნობილი: „შიდა ეგრისი“, ,,ტიტანური აია“, ,,კუტაისის მიწა“, ,,მუხურისი“ ან ,,მოხირისი“, ,,ქუთაისის სამოქალაქო - ყოველი სამოქალაქო“. 
   მე-17 საუკუნიდან ამ ტერიტორიას „ვაკე“, ხოლო მე-18 საუკუნიდან ,,ფიცის კაცების სამკვიდრო მხარე“ ეწოდებოდა. ამ სახელწოდებიდან უმთავრესი და უპირველესი სახელია - „ქუთათისის ქვეყანა“, რომლის ერთ-ერთი უძველესი ქართული სახელდება უნდა იყოს „შიდა ეგრისი“. 
   ქუთაისი ყოველთვის იყო პოლიტიკური ცენტრი - რეგიონის, მხარის, საქართველოს. საინტერესოა, რომ მე-8 საუკუნის პირველ ნახევარში ქუთაისი შეთავსებით ქართლის ერისმთავართა დასავლურ რეზიდენციასაც წარმოადგენდა. მე-8 საუკუნის 80-იანი წლებიდან 978 წლამდე ქუთაისი დასავლურ-ქართული სახელმწიფოს - ,,აფხაზთა სამეფოს“ დედაქალაქი იყო. ამ პოზიციიდან ქუთაისმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს გაერთიანების საქმეში და ბაგრატ III ბაგრატიონმა სწორედ ქუთაისში გამეფებით დაიწყო საქართველოს გაერთიანება. ბაგრატ III-ს სამეფო გახდა ერთიანი ქართველი ხალხის - საქართველოს სახელმწიფო და ქუთაისიდან ჩაეყარა საფუძველი საქართველოს ოქროს ხანას. ქუთაისის სიონი (ბაგრატის ტაძარი) აშენდა, როგორც ახლადგაერთიანებული საქართველოს სიმბოლო. შეიძლება ითქვას,  XI საუკუნის დასაწყისიდან 1122 წლამდე ქუთაისი საქართველოს დედაქალაქი იყო.
მე-11-მე-13 საუკუნეებში საქართველომ თავისი ძლიერებისა და განვითარების მწვერვალს მიაღწია. ეს პერიოდი მის ისტორიაში ცნობილია, როგორც „საქართველოს ოქროს ხანა“. 1008- 1122 წლებში საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი  იყო. სწორედ ამ დროს ააგო მეფე დავით IV აღმაშენებელმა იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი გელათის მონასტერი. მეფე დავით IV აღმაშენებელი დაკრძალულია ქუთაისში, გელათის მონასტრის სამხრეთის კართან. პიროვნული ღირსებების,  ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისთვის იგი  დიდ სახელწიფო მოღვაწედ და ძლევამოსილ მხედართმთავრადაა აღიარებული, რომლის მმართველობის ხანას განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.  
   ერთიანი საქართველოს პერიოდში ქუთაისი სამეფო რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. აქ იყო მეფის სასახლე, ხაზინა და ზარაფხანა. 1259 წელს მეფე დავით ნარინმა ქუთაისი დასავლეთ საქართველოს რეზიდენციად აქცია და ქუთაისი და ლიხთიმერეთის სამეფო წყნარი ოკეანედან კარპატებამდე თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში რჩებოდა თავისუფლების კუნძულად მონღოლური ბატონობის უზარმაზარ ოკეანეში. სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს აქტიურ დამკვიდრებას ტერმინი ,,იმერეთი“. ვახუშტი ბაგრატიონი წერდა - ,,დაჯდა ნარინ დავით მეფედ იმერთა - და ამიერიდან იწოდებოდა დავით და ამას ქვემოთნი მეფენი იმერთა მეფედ და არღ არა აფხაზთა.“ ქუთაისი დასავლეთ საქართველოს სამეფოს დედაქალაქის ფუნქციას 1329 წლამდე ასრულებდა, ვიდრე გიორგი მე-5 ბრწყინვალემ საქართველო არ გააერთიანა.
    მე-15 საუკუნიდან საქართველოს დეცენტრალიზაციის პროცესმა პიკს მიაღწია. 1462-1489 წლებში ჩამოყალიბდა იმერეთის სამეფო, რომელმაც 1810 წლამდე იარსება. მთელი ამ ხნის მანძილზე სამეფოს დედაქალაქი ქუთაისი იყო. თუკი ლიხთიმერეთის სამეფო 1259-1329 წლებში მთელს დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, 1489-1810 წლებში არსებული იმერეთის სამეფო ძირითადად გეოგრაფიული იმერეთით შემოიფარგლებოდა და ქუთაისის დედაქალაქობას მცირე პოლიტიკური არეალით შემოიფარგლა. ქუთაისი დედაქალაქობასთან ერთად სამოურავოს ცენტრის ფუნქციასაც ითვისებდა. ქუთაისის მოურავს ჰქონდა ადმინისტრაციული, საგამომძიებლო და სასამართლო ფუნქციები. ქუთაისის მოურავს იმერეთის სამეფოს დანარჩენი 25 მოურავისაგან განსხვავებით ჰქონდა სარდლის წოდებაც. ამავე პერიოდში ქუთაისი ვაკის სადროშოს ცენტრიც იყო. 
1810 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა იმერეთის სამეფო და მის ნაცვლად შექმნა იმერეთის ,,ობლასტი“ ანუ ოლქი, რომლის მთავარი ქალაქი ქუთაისი იყო. აქ ფუნქციონირებდა ,,იმერეთის დროებითი მმართველობა“, რომლის სათავეში რუსი მოხელე იდგა, დროებითმა მმართველობამ 1810-1840 წლებში იარსება და მმართველობის ცენტრთან ერთად ქუთაისი ამავე დროს იყო „ქუთაისის ოკრუგის“ ცენტრი. ქუთაისის ოკრუგის უფროსი სხვებთან შედარებით მეტი უფლებებითა და მოვალეობებით იყო აღჭურვილი.
   1840 წლის 10 აპრილს ჩამოყალიბდა საქართველო-იმერეთის გუბერნია, რომელშიც შედიოდა ქუთაისის მაზრა, რომლის მთავარი ქალაქი იყო ქუთაისი. მმართველობის ეს სისტემა მალე გაუქმდა და 1846 წლის 14 დეკემბერს ამიერკავკასიაში ახალი ადმინისტრაციული რეფორმა გატარდა, რომლის მიხედვით ამიერკავკასია 4 გუბერნიად გაიყო. საქართველომ შეადგინა ორი - თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები. ქუთაისი საგუბერნიო ქალაქად გამოცხადდა. 
  ქუთაისის გუბერნია ადმინისტრაციული და ტერიტორიული ცვლილებებით არსებობდა 1846 წლის 14 დეკემბრიდან 1921 წლის 10 აპრილამდე. ქუთაისის გუბერნიაში 1878 წლიდან შედიოდა ართვინის ოლქი (ისტორიული სამხრეთ საქართველო), ხოლო 1883 წლიდან ბათუმის ოლქიც, აგრეთვე ახალციხის მაზრა. ქუთაისი საიმპერიო მნიშვნელობის საგუბერნიო ცენტრი იყო და იგი გადიოდა ისეთი ქალაქების რანგში, როგორებიც იყო კიევი, ასტრახანი, კაუნასი,   ვილნიუსი, მინსკი და ა.შ.
    1857 წლის ივნისში შეიქმნა ქუთაისის საგენერალ-გუბერნატორო და ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს აფხაზეთის ტერიტორიაც დაექვემდებარა. ქუთაისის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო ამ ეპოქაში, რომ ქალაქის გენერალ-გუბერნატორი ითვლებოდა სამხედრო და შავი ზღვის კავკასიის სანაპიროს ფლოტის სარდლად. 1867-დან 1883 წლამდე ქუთაისს ჩამოაცილეს საგენერალგუბერნატორო სტატუსი, მაგრამ მალევე იქნა აღდგენილი. დამოუკიდებელი საქართველოს ეპოქაში კვლავ ძალაში რჩებოდა საქართველოს გუბერნიებად დაყოფის პრინციპი. 1921 წლის 10 აპრილს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქუთაისის გუბერნია გაუქმდა და 1921-1929 წლებში ქუთაისი ქუთაისის მაზრის ცენტრი იყო. 1929 წლის აგვისტოში  მაზრის გაფართოების საფუძველზე შეიქმნა ქუთაისის ოლქი, რომლის ტერიტორია 10 768 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 600 000-ზე მეტი იყო. ოლქი მალე გაუქმდა , თუმცა  1951 წელს კვლავ შეიქმნა ქუთაისის ოლქი, რომელიც მალევე 1953 წელს გააუქმეს. შეიზღუდა ქუთაისის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტატუსიც და ქუთაისი მხოლოდ და მხოლოდ რაიონული ცენტრის ფუნქცია შერჩა. 1959 წელს გააუქმეს ქუთაისის რაიონიც და ქალაქი თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში პირველად შემოიფარგლა მხოლოდ საქალაქო ტერიტორიით .
1995 წელს შეიქმნა სახელმწიფო მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის თანა­მდებობა იმერეთის მხარეში, ქუთაისი მხარის ცენტრი გახდა და ამ ფუნქციას ის დღემდე ასრულებს. 2012- 2019 წლებში ქუთაისი საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქია. 
ქუთაისი არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ-ადმინისტრაციული ცენტრი იყო, ის ყოველთვის იდგა ქვეყნის განათლების და კულტურის სათავეებთან.
ჯერ კიდევ XI საუკუნის ბოლოს, საქართველოს გამორჩეულმა მეფემ დავით IV აღმაშენებელმა ქუთაისთან ახლოს დააარსა შუა საუკუნეების ევროპის ერთ-ე­რთი უძველესი უმაღლესი სასწავლებელი _ „გელათის აკადემია“, რომლის ხე­ლმძღვანელი გახდა იმდროინდელ სამეცნიერო და საეკლესიო წრეებში კარგად ცნობილი იოანე პეტრიწი. აკადემიას ჰქონდა სკრიპტორიუმი, სადაც მონასტრის მწიგნობრები გადაწერდნენ ხელნაწერებს. აქ შექმნილ რამდენიმე წიგნს შორის ყველაზე ცნობილი არის მე-12 საუკუნის სახარება, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. გელათის აკადემია რამდენიმე საუკუნის განმავლო­ბაში მოქმედებდა და დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის საქართველოს „ოქროს ხანის“ სიმბოლოდ იქცა. 
1850 წელს ქუთაისში დაარსდა დასავლეთ საქართველოში პირველი გიმნაზია, რომელსაც მალე მიემატა ვაჟთა და ქალთა გიმნაზიები. XIX _ XX საუკუნე­ებში ქუთაისის გიმნაზიების აღზრდილებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ქა­რთული კულტურის განვითარებაში. 
ამჟამად ქუთაისში სამი უნივერსიტეტია: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერ­სიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ქუთაისის უნივერსიტეტი, აგრეთვე _ გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია, რამდენიმე პროფესი­ული კოლეჯი და სასწავლებელი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის უძველესი მულტიდისციპლინარული უმაღლესი სასწავლებელი იმერეთის რეგიონში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ცხრა ფაკულტეტი,  დაახლოებით 12000 სტუდენტით და განსაკუთრებული ადგილი უკავია ლიტერატურის მიმართულების პროგრამებს ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორის დონეზე. 
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მუშაობს ხელოვნებისა და კულტურის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაზე.


ქუთაისი ერთ-ერთი ყველაზე მონოეთნიკური ქალაქია საქართველოში, თუმცა, ის ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტობის მაღალი დონით. ქალაქის ცე­ნტრში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ებრაელები, სხვადასხვა ეროვნების კათოლიკეები, სხვა ეთნი­კური ჯგუფები, რომლებმაც განუმეორებელი კოლორიტი შესძინეს ამ ქალაქს, რაც კარგად აისახა ქალაქურ ფოლკლორში. ებრაულ თემს აქ განსაკუთრებული ადგილი ეჭირა გასული საუკუნის 70-იან წლებამდე, სანამ „ალია“ _ მათი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პროცესი დაიწყებოდა.  ქუთაისში, ებრაელების უბანში, სამი სინაგოგაა და სამივე ბორის გაპონოვის სახელობის ქუჩაზეა. ბორის გაპონოვი „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთ საუკეთესო მთარგმნელად მიიჩნევა. 
ებრაული უბნის გვერდით არსებობდა კათოლიკეთა უბანი. XIX საუკუნის და­საწყისში იმერეთის მეფემ სოლომონ მეორემ კათოლიკე მისიონერებს „წყალო­ბის სიგელით“ უბოძა ეს ტერიტორია. ქუთაისელები კათოლიკეთა დასახლებას „ფრანგების უბანს“ ეძახდნენ. აქ XX საუკუნის დასაწყისში 2000-მდე კათოლიკე ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისელი კათოლიკეები, ძირითადად, ქა­რთველები იყვნენ.
ქუთაისი მდიდარი თეატრალური ტრადიციების ქალაქია. ჯერ კიდევ 1861 წელს აქ მოყვარული მსახიობების მონაწილეობით გაიმართა პირველი თეატრალური წარმოდგენა. ეს წელი მნიშვნელოვანი თარიღია ქართული თეატრის ისტორი­აში. 1880 წელს ქუთაისში პირველი პროფესიონალური თეატრალური დასი და­ფუძნდა. 1928 წლიდან, ორი წლის განმავლობაში, არსებობდა „ქუთაის-ბათუმის თეატრი“, რომელიც ორი ქალაქის მაყურებელს უმართავდა წარმოდგენებს. ამ თეატრის საფუძველზე ჩამოყალიბდა შემდგომ მთელს მსოფლიოში ცნობილი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი. 
1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შე­ნობა (ამჟამინდელი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი), უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 
1969 წელს იწყება ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სიცოცხლე.  
გარდა აღნიშნული თეატრებისა, ქუთაისში ფუნქციონირებს: იაკობ გოგებაშვი­ლის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, პანტომიმის პროფესიული თეატრი, ნიღბების თეატრი, ახალგაზრდული თეატრი, მოზარდ მაყურებელთა ახალგაზრდული თეატრი _ „მარჯანიშვილელები“, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსა­მბლი, ქუთაისის ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნებო დაწესებულებასთან არსე­ბული კამერული გუნდი და სხვა.
ქუთაისი იყო ლიტერატურული და კულტურული გავლენის ცენტრი, სადაც სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდნენ ევროპის მასშტაბით ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მე-19 საუკუნე, ისეთი დიდი ფიგურებით, როგორიცაა აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გივი ლორთქიფანიძე, ისიდორე კვიცარიძე და სხვა.
მე-20 საუკუნე იყო  დიდი ძვრების პერიოდი, ძველი ლიტერატურული ტრადიციების გადაფასებით და  ახალი ფორმების ძიებით ასპარეზზე გამოდიან „ცისფერყანწელთა ჯგუფი“, ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და მწერალთა შემოქმედებითი ჯგუფი სახელად „ცისფერყანწელები“დაარსდა 1916 წელს ქ. ქუთაისში. იმ პერიოდის ქუთაისი იყო ქართული ავანგარდის ცენტრი. ახალგაზრდები  „ოქროს ჩარდახში“, ჭადრის ხესთან  ატარებდნენ პოეზიის საღამოებს. „ცისფერყანწელების“ გაერთიანებაში იყვნენ:  ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, ალექსანდრე არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი და შალვა კარმელი (გოგიაშვილი).  მათი დიდი ნაწილი საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1919 წლის თებერვალში „ცისფერყანწელებმა“ გამოსცეს პირველი ლიტერატურული ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“.
ქუთაისელმა მწერლებმა   რეზო გაბრიაძემ, რეზო ჭეიშვილმა  და ოტია იოსელიანმა დიდი კვალი დატოვეს  ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში.
21-ე საუკუნემ ქუთაისში ახალი ესთეტიკა შემოიტანა. ქუთაისი გახდა იუნესკოს ლიტერატურული ქალაქი და ეს სტატუსი შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის, საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამებისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის განსახორციელებლად,  ქალაქის ლიტერატურული ტრადიციების პოპულარიზაციისთვის.
პირველი სამეფო სტამბა ქუთაისში 1800 წელს დაარსდა, სადაც 2000-მდე წიგნი დაიბეჭდა. პირველი 6 უნიკალური გამოცემა ინახება ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში.
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკაა, რომელიც დაარსდა 1873 წელს. დღეს ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს 17 განყოფილება, 14 ფილიალი და დასაქმებულია 92 თანამშრომელი, ხოლო ორგანიზაციის რეგიონულ ქსელში მუშაობს 43 თანამშრომელი.
 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა დაარსდა 1933 წელს და კოლექციების მიხედვით არის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკა საქართველოში.
ქალაქში გამოდის 4 ლიტერატურული პერიოდული ჟურნალი ("განთიადი", "მწვანეყვავილა", "მერმისი", "უქიმერიონი"), რომელიც აერთიანებს გამოჩენილ  მწერლებს, ლიტერატორებს, რედაქტორებს, მთარგმნელებს და სხვა სპეციალისტებს.
ქართული კინო და თეატრალური ხელოვნება ვერ იქნებოდა ასეთი გამორჩეული ვასილ ამაშუკელის, რეზო ჩხეიძის, ვერიკო ანჯაფარიძის, გიორგი შავგულიძის, იპოლიტე ხვიჩიას და სხვა არტისტების გარეშე. ქართული და მსოფლიო მუსი­კის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს მელიტონ ბალანჩივაძემ და ზაქარია ფალიაშვილმა. ქუთაისელი იყო მსოფლიო საოპერო ტენორი ზურაბ ანჯაფარიძე. ქუთაისმა მსოფლიოს მისცა უნიკალური მხატვრები: იაკობ ნიკო­ლაძე, ფელიქს ვარლამიშვილი (ვარლა), დავით კაკაბაძე, პეტრე ოცხელი. 
ქუთაისის გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ქალაქის ცენტრალური ბაღი ანუ ბულვარი _ შეხვედრების ყველაზე პოპულარული ადგილი. ბულვარი 1848 წელს დაარსდა და მალევე გახდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი. იქ ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები წყდებოდა, რომ მას „ქუთაისის პარლამენტიც“ კი უწოდეს.

ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მუზე­უმებს. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი მთელს საქართველოში გამორჩეულია უნიკალური ფონდებით _ აქ ინახება 230 000-ზე მეტი ექსპონატი და 40 000-ზე მეტი წიგნი. ქალაქში არსებობს: საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმი, სპორტის ისტორიის მუზეუმი, ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმი, ქუ­თაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, „ჯარისკაცის მამის სახლი“. 
და­ვით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში დაცულია ცნობილი ქართველი მხატვრების და მოქანდაკეების ფერწერული, გრაფიკული, სკულპ­ტურული ნამუშევრები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. არსებობს კიდევ ერთი სამხატვრო გალერეა - „ვარლა“. 
თავისი მნიშვნელობით უნიკალურია ქუთაისის ცენტრალური არქივი, აქ ერთ
მილიონამდე დოკუმენტია დაცული, რომლებიც თითქმის მთელი დასავლეთ სა­ქართველოს XIX – XX საუკუნეების ისტორიას მოიცავს. 
ქუთაისი გამორჩეულად სპორტული ტრადიციების ქალაქია. სწორედ ამ ტრა­დიციების ღირსეულად გაგრძელების საქმეს ემსახურება მეოთხე კატეგორიის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი, ოლიმპიური სტანდრტების შესაბამისი საცურაო აუზი, ჯომარდობისა და ნიჩბოსნობის სპორტული ბაზები. 
ქუთაისელმა გოლიათმა ფალავანმა კოლია ქვარიანმა ოკეანის გაღმა გაიტანა მშობლიური ქალაქის სახელი და დიდება. 
ქუთაისელი ოლიმპიური ჩემპიონები: 
მზია ჯუღელი _ ტანმოვარჯიშე, პირველი ქალი ოლიმპიური ჩემპიონი, ჰელსი­ნკის 1952 წლის ოლიმპიადა. 
ნუგზარ ასათიანი _ ფარიკაობა, ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადა. 
ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია _ კალათბურთი, საქართველოდან პირ­ველი ოლიმპიური ჩემპიონები, მიუნჰენის 1972 წლის ოლიმპიადა. 
ქეთევან ლოსაბერიძე _ მშვილდოსნობა, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადა. 
დავით ხახალეიშვილი _ ძიუდო, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიადა. 
ირაკლი ცირეკიძე _ ძიუდო, პეკინის 2008 წლის ოლიმპიადა. 
მსოფლიო ჩემპიონები: 
მაია ჩიბურდანიძე _ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, 1978-1991 წლები. 
ომარ ფხაკაძე _ მსოფლიო ჩემპიონი ველოსპორტში, 1965 წელი. 
თეიმურაზ აფხაზავა _ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდა­ობაში, 1982 და 1983 წლები. 
ნიკოლოზ დერიუგინი _ მსოფლიო ჩემპიონი კალათბურთში, 1982 წელი. 
მიხეილ გიორგაძე _ მსოფლიო ჩემპიონი წყალბურთში, 1982 წელი.                                        ბექა ლომთაძე _ მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, 2019 წელი. 
3500-ზე მეტი წლის ქუთაისი ახლა თანამედროვე ქალაქია, შესაბამისი ინფრა­სტრუქტურით, სახელმწიფო სერვისებით, საგანმანათლებლო, სახელოვნებო, ჯანდაცვის, სპორტული დაწესებულებებით, ბაღებითა და პარკებით. ქუთაისის განვითარების გეგმის მიხედვით, აქ მალე კიდევ უფრო შთამბეჭდავი განახლე­ბის პროცესი დაიწყება, ახალ სიცოცხლეს დაიწყებს ქალაქის უძველესი უბნები, რიონისპირა სახლები, ცენტრალური ბულვარი... ქუთაისი უკვე მონიშნულია მსოფლიო ტურისტულ რუკაზე. 
ქუთაისს, თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე, აღმავლობის ჟა­მიც ბევრჯერ ჰქონია და ძნელბედობაც გადაუტანია. მიუხედავად ამისა, მან ყოველთვის შეინარჩუნა ის განუმეორებელი კოლორიტი, რომელიც მხოლოდ ამ დიდებული ქალაქისათვის არის დამახასიათებელი.

  • მისამართი
  • ქუთაისი, რუსთაველის №3
  • მოგვწერეთ
  • contact@kutaisi.gov.ge
  • სამუშაო საათები
  • ორშ-პარ:10:00 - 18:00