ქუთაისის მერიის მიერ დაფინანსებულ მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში ბავშვების პირველი ნაკადი დღეს გაემგზავრა.
საზაფხულო , გამაჯანსაღებელი ბანაკი ქუთაისის საჯარო სკოლების VIII-X კლასების სოციალურად დაუცველი და წარმატებული მოსწავლეებისთვის კურორტ ურეკში მოეწყო.
ბანაკის მიზანია ბავშვების სრულფასოვანი დასვენებისთვის ოპტიმალური პირობების შექმნა, მათი გაჯანსაღება და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება არდადეგების პერიოდში. წელს ურეკში, ორ ნაკადად, 100 ქუთაისელი მოსწავლე დაისვენებს.
ბანაკში მიმავალი მოსწავლეები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ბასილაძემ გააცილეს.
„ დღეს ჩვენს მიერ ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში მოსწავლეთა პირველი ნაკადი გავუშვით. პანდემიის გამო რამდენიმე წელი არ მოხერხდა საზაფხულო ბანაკის ფუნქციონირება და სასიხარულოა, რომ წელს განვაახლეთ ეს კარგი ტრადიცია
. ზღვისპირა კურორტზე მოწყობილ ბანაკში 100 ქუთაისელი , სოციალურად დაუცველი და წარმატებული მოსწავლე მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთულ, 6 ხალისიან დღეს გაატარებს. ბანაკში მათ ყველა პირობა ექნებათ იმისთვის, რომ შინაარსიანად დაისვენონ.“-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ბანაკის ორგანიზატორია ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის , განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილება.