ქუთაისში საერთაშორისო ფოტო-ფესტივალი "ილო" გაიხსნა.
ფესტივალის ორგანიზატორია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, თანაორგანიზატორი -კომპანია „ოქროს პეპელა“.
ღონისძიება გალერეა "ილოს" პრეზენტაციით დაიწყო, რომელსაც ესწრებოდნენ: ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე, ფოტო-კონკურსის ორგანიზატორები და მონაწილეები.
"ქუთაისი მეთექვსმეტედ მასპინძლობს ფოტო-კონკურსს "ილო", რომელიც უკვე საერთაშორისო ფოტო-ფესტივალის სტატუსით იმართება.
ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები ყველა ქუთაისელის ოჯახშია. ილო იყო ქუთაისის ნამდვილი მემატიანე და ქალაქმაც სათანადო პატივი მიაგო მის ხსოვნას. წელს ფოტო-ფესტივალის მიზანია ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის განვითარება საქართველოში, საერთაშორისო სტატუსის დამკვიდრება - გაძლიერება; ახალგაზრდა , ნიჭიერი ფოტო - მოყვარულების გამოვლენა - წახალისება; ილო ხახიაშვილის სახელისა და ღვაწლისადმი პატივის მიგება.
კონკურსის
მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. წინ სამი საინტერესო დღე გველოდება."-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ღონისძიება ტარდება ტრადიციული სლოგანით „იცხოვრე, დარჩი!“
კინო-თეატრ "საქართველოში" გაიხსნა საკონკურსო ფოტოების გამოფენა და გაიმართა ილო ხახიაშვილის გახსენების საღამო.
ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა ინტერნეტ და რეალურ საგამოფენო სივრცეებში;
საგანმანათლებლო და შემეცნებითი ნაწილი ( ვორქშოპები, მასტერკლასები, პრაქტიკული გადაღებები, თემატური ექსკურსიები);
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.