ქუთაისში, ნიკეას#12-ში მცხოვრებ 6 ოჯახს საკუთრებაში ბინები გადაეცათ. ეს ოჯახები წლების განმავლობაში ითხოვდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას.
„დიდი შრომა გავწიეთ იმისათვის, რომ ეს პრობლემური საკითხი მოგვეგვარებინა. ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ლომინაძის აქტიური ჩართულობით, ეკონომიკის სამინისტროს და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შევძელით და ოჯახებს, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ ამ ბინებში, დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები.
ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება და ამ ადამიანებს ეს დანაპირები შევუსრულეთ.
ოჯახებს ბინები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადავეცით.“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ, ბინები საკუთრებაში კიდევ სხვა ოჯახებსაც გადაეცემათ.