ქუთაისის მერია აგრძელებს სოციალურად დაუცველი აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დამატებითი სწავლების დაფინანსებას, 2022-2023 სასწავლო წლის მანძილზე.
ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ქუთაისში რეგისტრირებულ , სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს. აბიტურიენტები დამატებით სწავლებას გაივლიან ავტორიზირებულ სასწავლო დაწესებულებებში , საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.
აბიტურიენტებს, მათ მშობლებსა და სკოლების წარმომადგენლებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი შეხვდა.
„ წელს, უკვე მესამედ , ვიწყებთ პროგრამას სოციალურად დაუცველი აბიტურიენტებისთვის. დიდი ინტერესი გამოიწვია ამ პროგრამამ და უკვე 70 -მდე მოსწავლემ გამოთქვა სურვილი , რომ ჩაერთოს და დამატებითი გაკვეთილები მიიღოს მათ მიერვე არჩეულ 4 საგანში. დღეს შევხვდით აბიტურიენტებს, მათ მშობლებს , იმ სკოლების ხელმძღვანელებს, სადაც ჩაუტარდებათ ეს გაკვეთილები. ვისაუბრეთ პროგრამის პოზიტიურ მხარეებზე , მოსწავლეების სურვილებსა და მიზნებზე. მჯერა, ჩვენი ხელშეწყობით ეს ახალგაზრდები წარმატებით ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სასურველი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდებიან.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.