ქუთაისში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე მისულ ყველა სტუმარს საშუალება ჰქონდა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სივრცეებში გასცნობოდა აღნიშნული დანაყოფების საქმიანობას.