ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრში, ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და გალა -კონცერტი გაიმართა.
კონკურსის დახურვასც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ.
ქუთაისის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ფორტეპიანოს პროფილით სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა, ქართული საკომპოზიტორო სკოლის და პროფესიული მუსიკალური განმანათლებლობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მელიტონ ბალანჩივაძის დაბადებიდან 160-ე წლისთავს მიეძღვნა.
ჟიურის წევრებმა კონკურსის ფარგლებში ჩაატარეს საჯარო მასტერკლასები.
,,მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი წელს მესამედ იმართება. მიუხედავად არცთუ ხანგრძლივი ისტორიისა, კონკურსმა უკვე მოიპოვა დამსახურებული აღიარება მუსიკალურ სამყაროში.
დიდი ქართველი კომპოზიტორების მშობლიურ ქალაქში ნამდვილად უნდა იყოს ასეთი დონის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები.
ქუთაისის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს ინიციატივებსა და პროექტებს. ეს ხელს შეუწყობს როგორც ახალი თაობის მუსიკოს-შემსრულებლების გამოვლენას და წახალისებას, ასევე ჩვენი ქალაქის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ასპარეზზე.
წელს ეს კონკურსი იმითაც არის გამორჩეული , რომ ეძღვნება ქართული საკომპოზიტორო სკოლის და საქართველოში პროფესიული მუსიკალური განმანათლებლობის ერთ-ერთი ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის დაბადებიდან 160-ე წლისთავს,"- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ააიპ ,,არტ-ლიგა“, გენერალური სპონსორი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.