აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა.
განხილვას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები.
შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, პროგრამები და პროექტები.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტმა შეადგინა 101 484,7 ათასი ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 11 607,9 ათასი ლარით აღემატება.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესახებ და ეს ინფორმაცია უნდა მიიღონ ჩვენგან. ბიუჯეტის საჯარო განხილვები უკვე კარგად აპრობირებული მეთოდია და საზოგადოების რაც უფრო მეტი წარმომადგენელი მიიღებს ასეთ შეხვედრებში მონაწილეობას, მით უფრო მეტად იქნება ბიუჯეტი ორიენტირებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
2023 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 12 მილიონი ლარით მეტია ამ წლის ბიუჯეტზე. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ყველა პრიორიტეულ მიმართულებაზე:
იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და 24 500,6 ათასი ლარით განისაზღვრა.
თითქმის მილიონნახევარი ლარით გაიზრდება ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება.
გავზარდეთ განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის სფეროების დაფინანსება.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.