ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და კანცლერი მაგდა მაღრაძე პოლონეთში, კუიავო-პომორსკის რეგიონში იმყოფებოდნენ.
ვიზიტი იმერეთის მხარისა და კუიავო-პომორსკის სავოევოდოს თანამშრომლობის ფარგლებში შედგა და ძირითადი მიზანი იყო აკადემიურ წრეებს შორის ურთიერთობების გაღრმავება.
ქუთაისის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში ამჟამად აკადემიური წრეების თანამშრომლობას მოიცავდა. ძირითადი თემა იყო სიმსივნის მკურნალობის ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გაცნობა, ასევე, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულებით მეგობარ რეგიონში არსებული სიახლეების გაზიარება.
დელეგაციის წევრები გაეცნენ რამდენიმე სამედიცინო, კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაობას.
საინტერესო შეხვედრები იყო ტორუნის კოპერნიკის სახელობის უნივერსიტეტსა და ბიდგოშჩის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც მოინახულეს ლაბორატორიები და ისაუბრეს გაცვლით პროგრამებზე "ერასმუსის" ფარგლებში, მეცნიერთა თანამშრომლობაზე "ჰორიზონტ ევროპას" ფარგლებში , სტუდენტების საზაფხულო გაცვლით პროგრამაზე.
ამ ვიზიტით საფუძველი ჩაეყარა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და კუიავო-პომორსკის უნივერსიტეტების თანამშრომლობას, ასევე ქუთაისისა და ტორუნის დამეგობრებას.
დაიგეგმა პოლონელი მეცნიერების და აკადემიური წრეების წარმომადგენლების საპასუხო ვიზიტი ქუთაისში, რათა ეს ურთიერთობები გაღრმავდეს და ორივე მხარისთვის უფრო ეფექტური იყოს.