გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, მუნიციპალიტეტებში ბავშვზე მორგებული მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავების მიზნით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაში, რომელიც პროექტის -„მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ბავშვზე და ბავშვიან ოჯახზე მორგებული მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავებაში“ შედეგების განხილვას დაეთმო, მონაწილეობდა ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე.
შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე და ყურადღება გაამახვილეს საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამირების მოდელზე, რომელიც ემსახურება დაუცველი ბავშვებისა და ოჯახების კონკრეტული საჭიროებების იდენტიფიცირებას და შესაბამისი მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავებას.
პროექტში, „მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ბავშვზე და ბავშვიან ოჯახზე მორგებული მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავებაში“, 10 სამიზნე მუნიციპალიტეტი - ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური, ახალციხე, ქარელი, დუშეთი, მარნეული და თელავია ჩართული.
პროექტის ამოცანაა, შეიქმნას და ადგილობრივ დონეზე დაინერგოს მტკიცებულებაზე დამყარებული და ბავშვზე ფოკუსირებული სოციალური პროგრამების შემუშავების მექანიზმები.