ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმერეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალის წარმდგენები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს თეატრალური საზოგადოება, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები.
ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ : ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
"დღეს, ქუთაისში, კიდევ ერთხელ აიღო სტარტი იმერეთის თეატრალურმა ფესტივალმა, რომელიც ჩვენს ქალაქში დაარსდა, ქუთაისის მერიის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით.
უკვე მე-14 საფესტივალო სეზონია და ამ წლების განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ათეულობით დასმა და თეატრალურმა კოლექტივმა, ყოველ საფესტივალო სეზონს კი 18 ათასამდე მაყურებელი ჰყავდა.
იმერეთის თეატრალური ფესტივალი უნიკალურია თავისი შინაარსით - ის არის რეგიონული და იმავდროულად, საერთაშორისოც. ეს არის საუკეთესო საჩუქარი როგორც მსახიობებისთვის, ასევე მაყურებლებისთვის.
13 ივნისიდან 1 ივლისამდე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრში , ნამდვილი თეატრალური დღესასწაული გველოდება!
წარმატებულ და საინტერესო დღეებს ვუსურვებ იმერეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ფესტივალი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლით "ტესტოსტერონით" დაიწყო.