ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია დაიწყო.
რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, პარკის გეგმარება რჩება უცვლელი და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც გამოყენებული იქნება მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, ასევე დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, ტერიტორიას დაემატება ახალი ხე-მცენარეები.
დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება საფეხმავლო ბილიკები. ასევე, დაგეგმილია არსებული საზოგადობრივი საპირფარეშოს რეაბილიტაცია და მედიათეკის განთავსება, რომელიც მოაზრებული იქნება ერთიან საპროექტო კონტექსტში, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შესასვლელებით. პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“ და პარკის ქვედა ნაწილში ახალი რეკრეაციული სივრცის ,,ვარდების ხეივნის“ მოწყობა. პარკის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია არსებული უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეების შესწავლა, აღნუსხვა და სრული ტაქსაცია. ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობა 14.9 მილიონი ლარით აფინანსებს. პარკი 1821 წელს გაშენდა და ის გასული საუკუნის დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც იყო.
პროექტის დეტალებს ადგილზე ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე არქიტექტორებთან, ინჟინრებთან, დენდროლოგებთან და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ ქუთაისში უკვე განახლდა ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 15 შენობა და დაიწყო ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია.