21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა.
21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 1999 წელს გამოაცხადა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობისათვის. 2024 წლის მშობლიური ენის საერთაშორისო დღის აღნიშვნის თემაა: „მულტილინგვური განათლება, როგორც თაობათაშორისი სწავლის საყრდენი “. დღეს 250 მილიონი ბავშვი და ახალგაზრდა ჯერ კიდევ არ დადის სკოლაში და 763 მილიონი ზრდასრული არ ფლობს წერა-კითხვის საბაზისო უნარებს. მშობლიური ენის სწავლება ხელს უწყობს სწავლას, წიგნიერებას და დამატებითი ენების ათვისებას.
ქუთაისში მშობლიური ენის უმაღლეს საფეხურზე სწავლებასა და სამეცნიერო კვლევებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი და უნივერსიტეტთან არსებული ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უძღვება. უნივერსიტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, ექსპედიციები და სხვადასხვა მიზნობრივი ღონისძიებები მშობლიური ენის კვლევის კუთხით. ასევე გამოიცემა საგანმანათლებლო და სამეცნიერო პერიოდული ლიტერატურა, სადაც იბეჭდება ქართველი და უცხოელი ავტორების ჰუმანიტარული პროფილის ნაშრომები, კვლევები, ახალი დიალექტური ტექსტები და სხვა.