26 ივნისს ქუთაისის მერიაში გაიმართა შეხვედრა მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის მოხელეებსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შორის, რომლის მიზანი იყო, ხელი შეწყობოდა გამოცდილების გაცვლას და ახალი იდეების წახალისებას სათბური აირების გაფრქვევის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირის კლიმატისა და ენერგიის მიზნების მისაღწევად. ქუთაისი 2011 წლიდან მიერთებული არის ევროკავშირის „მერების შეთანხმების“ ინიციატივას. ამ ინიციატივის ერთ-ერთი ვალდებულებაა მდგრადი ენერგეტიკის დღეების აღნიშვნა/ორგანიზება. წელს, ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატის მიერ, „მდგრადი ენერგეტიკის კვირეული“ 22-26 ივნისს აღინიშნება.