ქუთაისის საბავშვო ბაგა- ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემის მეოთხე ეტაპი დაიწყო. საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებმა სპეციალური ამანათების გატანა უკვე დაიწყეს. ამანათში სულ 9 დასახელების პროდუქტია. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი #4-ე და #37 ბაღებში პროდუქტების გაცემის პროცესს დაესწრნენ. „ჩვენ უკვე მეოთხედ ვატარებთ მსგავსი ტიპის აქტივობას. პანდემიის დროს, ამ ფორმით ვეცადეთ ჩვენი საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს გარკვეულწილად დავხმარებოდით“- განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა. სასურსათო ამანათს ქუთაისის ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული 8400 ბავშვის ოჯახი მიიღებს.