ქუთაისში სტუმრად იმყოფება უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი. უნგრელი დიპლომატი იმერეთის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა მიიღეს. შეხვედრაზე ელჩმა სურვილი გამოთქვა ქუთაისში გაკეთდეს მემორიალური დაფა, სადაც განთავსდება ინფორმაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქუთაისში მცხოვრები უნგრელი სამხედრო ტყვეების შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა ქართულ-უნგრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და დღემდე განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს. მხარის რწმუნებულმა ელჩს იმერეთის ტურისტული პოტენციალი გააცნო და ამ მიმართულებით, უნგრეთის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უნგრულ ავიაკომპანია "ვიზეარზე", რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წარმატებით ოპერირებს.