დღეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-13 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც , დღის წესრიგის სხვა საკითხებთან ერთად, განხილული და დამტკიცებული იქნა ქუთაისის მერიის მიერ ინიცირებული საკითხი 2020 წლის სოციალურ პროგრამებში ცვლილებების შეტანის შესახებ. დამატებითი ფინანსების გამოყოფა სოციალური პროგრამებისთვის მერიის სამივლინებო ხარჯების მაქსიმალურად შეზღუდვის შედეგად გახდა შესაძლებელი. კორონავირუსის პანდემიის პირობებში , ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ ბავშვებს, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ და მერიის სხვადასხვა სოციალური პროგრამის ბენეფიციარები არიან. ამ ცვლილებების მიხედვით გაორმაგდება რამდენიმე პროგრამის დაფინასება: "ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარების" და „ლეიკოზითა და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებულ პირთა თანადგომის" პროგრამების ბენეფიციარები, ყოველთვიურად, 100 ლარის ნაცვლად მიიღებენ 200 ლარს. ცვლილება შევა ",აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამაშიც. ქვეყანაში COVIS-19-ით გამოწვეული შეზღუდვების გამო, რომ არ შეწყდეს ქვეპროგრამა, შეზღუდვების გაუქმებამდე ბენეფიციარებისათვის დისტანციური მომსახურეობის (მოდიფიცირებული პროგრამა) მიწოდების შემთხვევაში, ანაზღაურება მომწოდებლის მიერ შესრულებული დოკუმენტაციის (აღრიცხული ვიზიტების რაოდენობა-დამოწმებული ორგანიზაციის და მშობლის ხელმოწერით) შესაბამისად მოხდება. გაიზარდა სხვა პროგრამების დაფინასებაც : მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია-12 800 ლარით, სხვადასხვა სახეობის სპორტულ - გამაჯანსაღებელი და დასასვენებლად განკუთვნილი ობიექტების მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია-40 000 ლარით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა- 15 700 ლარით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაცია- 13100 ლარით, სპორტული ღონისძიებების დაფინანსება- 60 000 ლარით, მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის სუბსიდირება-35 000 ლარით. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ქუთაისის საკრებულოს სხდომები დისტანციურ რეჟიმში იმართებოდა, დღეს კი დეპუტატები ისევ სათათბირო დარბაზში შეიკრიბნენ.