ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ქალაქში მოქმედი აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მოადგილეები ნინო თვალთვაძე და იუზა უგულავა. შეხვედრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის მიერ გამართული დისტანციური თათბირის შემდეგ დაიგეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობის შესწავლას და მათთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემას. დავით ერემეიშვილმა კიდევ ერთხელ გააცნო აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები. ის ასევე დაინტერესდა, აქვთ თუ არა ბაზრებს პროდუქციის მარაგი, ხომ არ არის შეფერხება მომარაგებაში და არის თუ არა დაცული რეკომენდაციები. როგორც გაირკვა, არსებული რეგულაციების გამო, რომელიც გადაადგილებას ეხება, გარკვეული პრობლემები არსებობს ბოსტნეულის მიწოდებასთან დაკავშირებით. დავით ერემეიშვილმა შესაბამის სამსახურებს დაავალა აღნიშნული პრობლემის მოწესრიგება, რათა შეუფერხებლად მოხდეს ქუთაისთან ახლომდებარე მუნიციპალიტეტებიდან ბაზრების ბოსტნეულით მომარაგება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჯანდაცვის ორგანიზაციების და სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვასთან დაკავშირებით. ყველა ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, ნიკეას ქუჩაზე მდებარე აგრარული ბაზარი სრული დატვირთვით იმუშავებს. შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზეც, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გაიხსნას შხამ-ქიმიკატების მაღაზიები, რადგან ახლა სწორედ ის სეზონია, როცა სოფლის მეურნეობაში ინტენსიური საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს.