ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი პირველ სამუშაო დღეს ჟურნალისტებს შეხვდა. მერმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა იმ ძირითად პრინციპებზე, რის მიხედვითაც წარიმართება მუშაობა ქუთაისის მერიაში.
როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ის მზადაა მედიასთან თანამშრომლობისთვის და მაქსიმალურად ღიაა საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. მისივე განცხადებით, უახლოეს პერიოდში მერიაში მოეწყობა მედია-ცენტრი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ჟურნალისტისთვის. ტრადიციად იქცევა 3 თვეში ერთხელ მერის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენა საზოგადოებისთვის.
„დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა. დილიდანვე შევხვდი მერის მოადგილეებს, სამსახურის უფროსებს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ჩვენს თანამშრომლებს. დღესვე გავმართე პირველი შეხვედრა მედიასთან. მინდა მადლობა ვუთხრა ჟურნალისტებს, რომლებიც გამოგვეხმაურნენ და დაინტერესდნენ ჩემთან შეხვედრით. მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, ამ თანამშრომლობით და ურთიერთობებით შევძლებთ დღეს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას და ქუთაისის განვითარებას“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.