ქუთაისის სახელოვნებო სკოლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ა(ა)იპ „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი #1 მუსიკალურ სკოლაში მივიდნენ და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.
მეცადინეობები რეგულაციების დაცვით ტარდება.
“რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, კულტურულ-სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები თავიანთ აუდიტორიებს და ინსტრუმენტებს დაუბრუნდნენ.
პროცესი რეგულაციების დაცვით განახლდა და ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციებს დაიცავს როგორც დირექცია, ასევე მოსწავლეებიც და მათი მშობლებიც. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ დღეს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ვაქცინაციაც დაიწყო, რაც იმის საწინდარია, რომ პანდემიას მალე დავამარცხებთ და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქალაქის სახელოვნებო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ჩატარდა, განახლდა როგორც შენობების ინტერიერები, ასევე გარე იერ-სახეც მოწესრიგდა.