8-12 მაისს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი 5 დღე გაგრძელდება, ფართო აუდიტორიას უმასპინძლებს და მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. ფესტივალის ფარგლებში, გარდა ძირითადი საერთაშორისო საკონკურსო პროგრამისა, ჩატარდება მასტერკლასები, ვორქშოპები, საქართველოს ფრანგული კინოსკოლის პრეზენტაცია, მსოფლიო და ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტივები, შეხვედრები და დისკუსიები ფილმების ავტორებთან. ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცევა ქალაქში, რომელიც პირველი ქართველი კინემატოგრაფისტის ვასილ ამაშუკელის მშობლიური ქალაქია.