ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ევროპის მიმართულებით, პირდაპირი რეგულარული რეისები განახლდა.
განახლებული აეროპორტიდან, პანდემიის შემდეგ, პირველი რეგულარული ფრენა ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მა შეასრულა.
ფრენების განახლებასთან დაკავშირებით, აეროპორტში იმყოფებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოში აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრებს დახვდებათ ოთხჯერ უფრო გაფართოებული ტერმინალი, რომელიც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატული ერთიანი სივრცეა - საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა საჭირო.
მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. სხვა სიახლეები, ოპერირების განახლების პარალელურად, აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება.
აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობის ფასადი მოიხატა ქუთაისის ბრენდინგის შესაბამისად. ასევე, განხორციელდა ტრაპზე, აეროპორტის ავტობუსებსა და საბარგო ურიკებზე ბრენდინგის ელემენტების განთავსება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები აპრილში ვილნიუსის და ვარშავას მიმართულებით, მაისიდან კი - დორტმუნდისა და რიგას მიმართულებით შესრულდება.