ქუთაისში, „9 აპრილის“ მემორიალთან, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ პატივი მიაგეს 9 აპრილის გმირებს.
დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი მამა მატათამ გადაიხადა. იქვე, 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტო - გამოფენა მოეწყო.
„ქართველი ხალხისთვის ეს დღე განსაკუთრებულია. გარდა იმისა, რომ 9 აპრილს ერმა დამოუკიდებლობის ნება გამოხატა, მომხდარიდან ორ წელიწადში ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა.
მადლობა მათ, ვინც იბრძოდა და შეეწირა ქვეყნის დამოუკიდებლობას!“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.