ქუთაისის მუნიციპალიტეტს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი საგრანტო პროექტების გასაცნობად, ევროკავშირისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა სიგრიდ ბრეტელმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობასა და განხორციელების გზებზე ისაუბრეს.
„საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა მნიშვნელოვანი პროგრამაა ჩვენი მუნიციპალიტეტებისათვის. ის გვაძლევს საშუალებას ფინანსურად გავაძლიეროთ ჩვენი ინსტიტუტები და განვახორციელოთ ახალი პროგრამები.
ამავდროულად , გვაძლევს საშუალებას განვავითაროთ ჩვენი ადამიანური კაპიტალი, ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტების ინტეგრირებული განვითარება, რაც , საბოლოო ჯამში, აისახება ჩვენს მოქალაქეებზე.”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
იმერეთისა და გურიის მუნიციპალიტეტებში 2,5 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტები, მთავრობის 220 მილიონი ლარის მოცულობის რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე საგრანტო პროგრამის ნაწილს წარმოადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის მიერ ფინანსდება.