ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი დასრულდა. საზეიმო დახურვა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შედგა. ფესტივალის დახურვას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია დაესწრნენ.
„ მოხარული ვარ, რომ მიუხედავად ბევრი გამოწვევისა და პანდემისაა, ჩვენ შევძელით და ჩავატარეთ ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების პირველი ფესტივალი. ქუთაისმა წარმატებულად და ღირსეულად უმასპინძლა ამ ფესტივალს. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ფესტივალში მონაწილეობდა ქალბატონი ლანა ღოღობერიძე და ის ამ დღეების მანძილზე ქუთაისში იმყოფებოდა.
ვულოცავ ამ დღეს ფესტივალის გამარჯვებულებს, ყველა მონაწილეს, მაყურებელს!
მჯერა, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ჩვენი ქალაქის საუკეთესო ტრადიციად დამკვიდრდება!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ფესტივალის ჟიურიმ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინა:
ფესტივალის მთავარი(10-30 წთ) საერთშორისო საკონკურსო პროგრამა (ჟიურის წევრები: თავმჯდომარე – ლანა ღოღობერიძე, გელა ბაბლუანი, ალექსეი ბერკოვიჩი, გიორგი შველიძე, ანა კალატოზიშვილი) :
„ოქროს დინოზავრი“ საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა ფრანგულ ფილმს „ო, დე!“
„ოქროს დინოზავრი“ საუკეთესო რეჟისურაში გადაეცა ირინე ჟორდანიას, ფილმისთვის „მარქსის ქუჩა 12“.
განსაკუთრებული ვიზუალური გადაწყვეტისთვის პრიზი გადაეცა იტალიურ ფილმს „ნავსაყუდელი“. ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა თორნიკე ბზიავას ფილმი „თევზაობა“.
ფესტივალის კინოკრიტიკოსთა დამოუკიდებელი ჟიურის (გოგი გვახარია, ანუკა ლომიძე,სალომე კიკალეიშვილი) რჩეული გახდა ფილმი – „სამშობლო“, ბულგარეთი.
ფესტივალის სუპერ-მოკლე საერთაშორისო ფილმების (1-5 წთ) პროგრამა (ჟიურის წევრები: ლაშა ცქვიტინიძე, ქეთი ჩხეიძე, მარი გულბიანი) :
„ოქროს ნაკვალევის“ პრიზი საუკეთო მოკლე ფილმის კატეგორიაში გადაეცა ინდურ ფილმს „კანკალი“ .
„თიბისი კონცეპტის“ დაწესებული ფულადი პრემია 1000 ლარი გადაეცა ორ გამარჯვებულს - იზა თითბერიძეს , პროექტით „ჩვენ და ისინი“ და ლევან შუბაშვილს, პროექტით „თვის ბოლოს“.
რჩეული პროექტები გახდნენ საბა ქარელის „მეორე მხარე“ და ლევან ჭყონიას – „ზღაპარი“.
გამარჯვებულებს პრიზები ცნობილმა კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ გადასცა.
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.