ქუთაისში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა კობა ფხაკაძემ, მსოფლიო ჩემპიონმა თეიმურაზ აფხაზავამ, სპორტსმენებთან და ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ამ დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებში.
რუსთაველის გამზირზე განთავსდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე იმ 6 ოლიმპიელის ბანერი, რომლებიც იმერეთს წარმოადგენენ.
ტანვარჯიშის სკოლის კედელი მოიხატა ოლიმპიური ემბლემითა და სიმბოლიკებით. აქვე გაიმართა ნორჩ ტანმოვარჯიშეთა საჩვენებლი გამოსვლა.
მოსწავლე- ახალგაზრდობის პარკში მოეწყო ტრადიციული ოლიმპიური გარბენი და ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
„დღეს ქუთაისიც შეუერთდა ოლიმპიზმის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ქუთაისიდან 3 სპორტსმენი იასპარეზებს. მჯერა, რომ ჩვენი ოლიმპიელები წარმატებებს მიაღწევენ და ქართული ჰიმნი ტოკიოში ბევრჯერ აჟღერდება!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე 1948 წლიდან აღინიშნება. 73 წლის წინ, ამ დღეს პირველად მოეწყო გრძელ დისტანციაზე მასობრივი გარბენი.