29 ივნისი რეზო გაბრიაძის დაბადების დღეა. ქუთაისის მერიამ და კინოთეატრმა „საქართველომ“ რეზო გაბრიაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კინოჩვენება მოაწყო.
კინო „საქართველოში“, რეზო ჩხეიძის სახელობის კინოდარბაზში, დიდი შემოქმედის შედევრების ნახვა მთელი დღის მანძილზე შეეძლო მაყურებელს.
„არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „ფეოლა“, „ჰარი ჰარალე დედაო“- ეს ფილმები კიდევ ერთხელ გაიხსენეს რეზო გაბრიაძის ნიჭის თაყვანისმცემლებმა.
ჩვენებას დაესწრო ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
„ რეზო გაბრიაძე და ქუთაისი განუყოფელია. რაც დრო გავა, მით უფრო დაუკავშირდება ეს ორი სახელი ერთმანეთს. დღეს გენიალური შემოქმედი 85 წლის გახდებოდა. მან ამოუწურავი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. დღეს ნებისმიერ მსურველს მივეცით შესაძლებლობა , კიდევ ერთხელ ენახა უკვდავი კინო-შედევრები და ამით პატივი მივაგეთ რეზო გაბრიაძის ხსოვნას და სახელს.“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ფილმების ჩვენებაზე დასწრება თავისუფალი იყო.