ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი მოეწყო. ღონისძიებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით გაიმართა, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო.
ქუთაისში იმყოფებოდა ასევე USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარქსი.
„დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დამწყებ პედაგოგთა რეგიონულ კონკურსში ჩვენი რეგიონიდან 3 მასწავლებელი გამოარჩიეს და აქედან ერთი ქუთაისელი გახლავთ, რაც ძალიან მახარებს.
მინდა ეს აღიარება მივულოცო 22 წლის ქრისტინე მაჭარაძეს, რომელიც ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის პედაგოგია. ნიშანდობლივია ის ფაქტი რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენს ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ განათლების სფეროს განვითარებას“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებისთვის.
პირისპირი და ონლაინ ტრენინგები, ქოუჩინგის სესიები, პროფესიული განვითარებისთვის საჭირო მრავალფეროვანი რესურსები და აქტივობები განკუთვნილი იქნება როგორც ქართულენოვანი, ისე არაქართულენოვანი საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებლისთვის და სკოლის დირექტორისთვის.