იმერეთის თეატრალური ფესტივალი ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაიხურა.
ფესტივალი 12 წელია ტარდება. მასში მონაწილეობას იმერეთის თითქმის ყველა სახელმწიფო და სახალხო თეატრი იღებს. წლევანდელი ფესტივალი 17 ივნისს გაიხსნა და დღეს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლით „ნოსტრადამუსი“-თ დაიხურა.
დახურვის საზეიმო ცერემონიალამდე თეატრის ფოიეში ჟურნალის „თეატრალური ქუთაისის“ პრეზენტაცია გაიმართა. ფესტივალზე ტრადიციულად სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოეს.
საუკეთესო მსახიობის ტიტული ხარაგაულის თეატრის რეჟისორსა და მსახიობს ირინე ჩხეიძეს ხვდა წილად, ხოლო საუკეთესო მსახიობი კაცის ტიტული წყალტუბოს თეატრიდან ზურაბ ყურაშვილმა მოიპოვა.
ჟიურიმ საუკეთესო დრამატურგად რეზო კლდიაშვილი დაასახელა, სპექტაკლისათვის „იმერული რეკვიემი“.
ფესტივალის დახურვაზე შეკრებილ საზოგადოებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე და საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი მიესალმნენ.
„ეს დღეები როგორც წესი თეატრალური ზეიმია ჩვენს რეგიონში. მიხარია რომ ამ თეატრალური მოვლენის მთავარი მასპინძელი ქუთაისია. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს, ჟიურის და მის თითოეულ მონაწილეს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ლევან როხვაძეს“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.