ქუთაისის სპორტის სასახლეში ფარიკაობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა. მე-16 საერთაშორისო ტურნირი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გალაქტიონ ჩიქოვანის ხსოვნას ეძღვნება და მასში მონაწილეობენ 2004-2005 და 2006-2008 წლებში დაბადებული მოფარიკავე გოგონები და ვაჟები.
ტურნირის გახსნას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო.
„კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს ქუთაისი. ჩვენს ქალაქს ყოველთვის ჰყავდა წარმატებული მოფარიკავეები და ასეთი ტურნირები ხელს შეუწყობს ახალგაზრდა სპორტსმენების აღმოჩენას და დაოსტატებას, მათ გასვლას საერთაშორისო ასპარეზზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ტურნირის ფარგლებში ქუთაისს სტუმრობენ ახალგაზრდა მოფარიკავეები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სპორტსმენებს!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორია ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის , განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.
ტურნირის ყველა მონაწილემ წინასწარ გაიარა PCR ტესტირება. შეჯიბრი კოვიდრეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
ტურნირი 19-21 ივლისს გაიმართება და ფარიკაობის პოპულარიზაციას და განვითარებას ისახავს მიზნად.