ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია „Wizz Air“-ის მიერ ახალი ფრენები დაიწყო, აბუ-დაბის მიმართულებით. პირველი რეისი 15 დეკემბერს შესრულდა.
აბუ-დაბიდან ჩამოსულ მგზავრებს აეროპორტში ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია დახვდნენ.
„ არაბთა გაერთიანებული საამირო საქართველოსთვის სტრატეგიული და ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი პერსპექტიული პარტნიორია. მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანიამ ქუთაისის აეროპორტიდან აბუ-დაბის მიმართულებით რეგულარული რეისები დანიშნა. დღეს საამიროდან ჩამოსულ პირველ მგზავრებს დავხვდით. იმედი მაქვს, ეს რეისები ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის კიდევ უფრო ზრდას და ამ სიახლით ჩვენი თანაქალაქელებიც ისარგებლებენ.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.