ქუთაისის მერიამ, მიმდინარე წლის 23 მარტს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გადასახური მასალები გადასცა.
ძლიერმა ქარმა ქუთაისში, როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე ადმინისტრაციული შენობები დააზიანა. მერის ბრძანებით შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ , პირველ ეტაპზე დახმარება იმ ობიექტებზე გადაანაწილა, რომლებიც ყველაზე მეტად დაზიანდა. 21 ობიექტს ჯამში 700 კვადრატული მეტრი თუნუქი და 1340 კვადრატული მეტრი „ბიკროსტი“ გადაეცათ.
გადასახური და ხის მასალები ასევე გადაეცა გუგუნავს ქუჩაზე მცხოვრებ ერთ ოჯახს, რომელსაც სახურავი მთლიანად დაუზიანდა.
გადასახური მასალების განაწილებისა და დარიგების პროცესს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო.
„დღეს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გადასახური მასალა გადავეცით, რაც ჯამში 34 000 ლარის ღირებულების ტვირთია. მეორე ეტაპს სავარაუდოდ ათ დღეში დავიწყებთ, როცა შესყიდვებზე ტენდერი დასრულდება. სტიქიის შედეგად დაზიანებულ ყველა მისამართზე მივა ჩვენი დახმარება და ჩვენს მოსახლეობას ამ პრობლემას მოვუგვარებთ.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.