ქუთაისში საკურას ხეივანი გაშენდა. საკურას ხეების დარგვაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, იაპონიის ელჩი იმამურა აკირა.
ხეივანი ნიკეას ქუჩაზე, ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის სახელობის ძიუდოს სპორტული სკოლის მიმდებარედ გაშენდა და საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე საიუბილეო წელს მიეძღვნა.
" დღეს , იაპონიის ელჩთან იმამურა აკირასთან ერთად , ქუთაისში საკურას ნერგები დავრგეთ. ეს იდეა ეკუთვნოდა ჩვენს თანაქალაქელს, ოლიმპიურ ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს. იაპონიის საელჩომ მხარი დაგვიჭირა ამ იდეის განხორციელებაში.
საკურას ხეივანი, რომელიც დღეიდან გვექნება ქუთაისში, დათოს ხსოვნას და საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს ეძღვნება. "- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საკურას მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ ის იაპონიაში მშვიდობის სიმბოლოდ ითვლება.