ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა „ მერები ბავშვებისათვის“.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ გაუმჯობესებული სოციალური პროგრამირება ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის საქართველოს მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა.
პროექტის ფარგლებში შემუშავდება სოციალური საჭიროებების შეფასების სახელმძღვანელო მითითებები და ინსტრუმენტები. პროგრამის განხორციელების შემდეგ მოხდება სოციალური პროგრამების შეფასება 10 შერჩეულ მუნიციპალიტეტში, ხოლო საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გავრცელდება.
„ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და ათეა-ს შორის, ბავშვზე მორგებული პროგრამების განვითარების შესახებ.
ქუთაისი 2020 წელს შეუერთდა ბავშვზე მორგებული ქალაქების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივას, რის საფუძველზეც ქალაქის მერიაში ახალი სტრუქტურა – ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება შეიქმნა.
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩვენ განვახორციელეთ კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ქუთაისის მუნიციპალიტეტში საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად იყოს ჩვენი ბავშვების ინტერესები და უფლებები დაცული. ახალი პროექტი არის კიდევ ერთი შანსი, რომ გავაძლიეროთ ჩვენ მუშაობა ბავშვების და მათი ოჯახების მხარდასაჭერად. “- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
შერჩეულ მუნიციპალიტეტებსა (ქუთაისი,ახალციხე, ამბროლაური, ბათუმი, დუშეთი, ქარელი, მარნეული, ოზურგეთი, თელავი და ზუგდიდი) და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, ადგილობრივ დონეზე ბავშვზე მორგებული პროგრამირების განვითარების შესახებ.