ქუთაისის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს "საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" განხორციელება.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ და გუბერნატორის პირველმა მოადგილე ლევან სანიკიძემ უკვე დასრულებული რამდენიმე პროექტი მოინახულეს.
რუსთაველის გამზირის და ლაღიძის ქუჩის კვეთაზე განახლდა არსებული სკვერი. სკვერში დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაიდგა ძელსკამები და ფანჩატური, მოეწყო განათების ახალი სისტემა და საფეხმავლო ბილიკები.
სკვერის რეაბილიტაციისთვის 234 444 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შეასრულა შპს „სგ ჯგუფმა“.
დასრულდა დავით აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევანის განახლება. პროექტის ფარგლებში აღდგა შადრევნის დაზიანებული მოპირკეთება, შეიცვალა განათების და წყლის მიწოდების სისტემა, შადრევნის მონუმენტურ ნაწილს- ქანდაკებებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. სამუშაოების ღირებულება იყო 526 991 ლარი. პროექტი შეასრულა შპს „დავითმა“.
"საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში, ამ ეტაპზე, ქუთაისში 12 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.