1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, მერიის ინიციატივით და მხარდაჭერით, ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა სპორტული და კულტურულ-სახელოვნებო პროგრამები. მოეწყო ასფალტზე ცარცით ხატვა, სამხატვრო სტუდია „ხელოვანის“ მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი, ჭადრაკის ტურნირი ბავშვთა შორის, ნორჩ მკლავჭიდელთა ტურნირი, საჩვენებელი გამოსვლები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის გამოფენა „ეკომეგობრული ტრანსპორტი ბავშვებისათვის“, მხიარული ასპარეზობები და კონკურსები, საბავშვო სტუდიების კონცერტები.
გაბაშვილის დასვენებისა და გართობის პარკში საბავშვო ატრაქციონები პატარებს უფასოდ ემსახურებოდა.
„ ბავშვთა დაცვის დღეს ვულოცავ ყველა პატარას! ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყველა ბავშვს. ჩვენ, უფროსებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი ბავშვობა იყოს ლაღი, მომავალი კი -ნათელი.
მშვიდობიან სამყაროში ცხოვრება მინდა გისურვოთ, რომ არაფერი დაემუქროს ჩვენი პატარების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ერთი ლამაზი და მხიარული დღე ვაჩუქეთ დღეს ჩვენს ბავშვებს და გვინდა, მათ სულ ასეთი ბედნიერი დღეები ჰქონდეთ!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.