ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ფორუმის მიზანია იმერეთის რეგიონში არსებული ვაკანსიებისა და სტაჟირების პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა, სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება.
ფორუმის ორგანიზატორია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
დასაქმების ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
„ დღეს ქუთაისმა უმასპინძლა კიდევ ერთ დასაქმების ფორუმს. დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსთან ერთად, წერეთლის უნივერსიტეტში გაიმართა ღია ფორუმი, რომელიც საშუალებას აძლევს როგორც დასაქმების მაძიებელს, ასევე დამსაქმებელს, მიიღონ ის ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, რაც დღეს არსებობს ქუთაისსა და იმერეთის მხარეში.
მოხარული ვარ, რომ ხალხმრავლობაა და ამ ფორუმის მიზანიც სწორედ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუზიაროს ინფორმაცია, რადგან ჩვენთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება დასაქმება. ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მოქალაქეებს სასურველი ვაკანსიის აღმოჩენასა და დასაქმებაში.
მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ქუთაისის თვითმმართველობა აგრძელებს წარმატებულ თანამშრომლობას საგანამანათლებლო დაწესებულებებთან, რომელთა სტუდენტები ჩვენთან გადიან სტაჟირებას, ხოლო მათ შორის საუკეთესოები თვითმმართველობაში დასაქმდებიან.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.