ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრა გამართა „ ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლოკალური პროგრამის (OGPLocal ) ექსპერტებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი, პროექტ „კარგი მმართველობის“ კოორდინატორი თინათინ ბეშკენაძე, ექსპერტები ლაშა გოგიძე და თამარ გზირიშვილი.
„ქუთაისის მუნიციპალიტეტი 2022 წელს ჩაერთო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლოკალური პროგრამაში (OGPLocal ) . OGP არის პლატფორმა, სადაც მნიშვნელოვან როლს სამოქალაქო საზოგადოება ასრულებს. ამ პროგრამას მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია ჩვენთვის, რათა სახელმწიფო სერვისები გახდეს უფრო ქმედითი და ეფექტური, ხოლო მმართვაში აქტიურად ჩაერთონ მოქალაქეები.
დღეს შევხვდი პროგრამის ექსპერტებს, რომლებთან ერთადაც განვიხილეთ 2023-2025 წლებში პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ვალდებულებები.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე, საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობით , რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ქალაქის განვითარებაზე.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
დღესვე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია „ სამოქალაქო საზოგადოების როლი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ განხორციელების პროცესში" , რომლის ორგანიზატორი იყო პარტნიორი ორგანიზაცია „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“.
„ღია მმართველობის პლატფორმაში“ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის „ ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლოკალური პროგრამის (OGPLocal ) 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა მერიის საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსმა შორენა ხუხუამ წარადგინა.