უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, 2 მარტიდან 16 მარტამდე სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი შეწყდა საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში, კულტურულ- სახელოვნებო და სპორტულ დაწესებულებებში.
ეს გადაწყვეტილება არ ვრცელდებოდა კერძო სექტორის სასწავლო დაწესებულებებზე. თუმცა, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა მათთვისაც. აღნიშნულის თაობაზე, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ შეხვედრა გამართა კერძო საბავშვო ბაღებისა და დღის ცენტრების წარმომადგენლებთან.
მათ მიეცათ რეკომენდაცია, საჯარო სექტორის მსგავსად, 2 კვირით შეწყვიტონ მუშაობა და ეს პერიოდი გამოიყენონ მათ დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების შენობების სადეზინფექციოდ.
ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახურმა შესაბამისი რჩევები გასცა, რათა წესების დაცვით ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები. ამასთანავე, აუცილებლობის შემთხვევაში, კერძო ბაღებს სახელმწიფო უწყებები დაეხმარება სადეზინფექციო საშუალებების შეძენაში.