ქუთაისის მერიის გადაუდებელი რეაგირების პროგრამით კრიზისში მყოფ არაერთ ოჯახს გაეწია მნიშვნელოვანი დახმარება. ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ , სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა იოსებ ჩიჯავაძემ და იმერეთის განვითარების ცენტრის დირექტორმა დავით ჩხობაძემ ერთ-ერთ ასეთი ოჯახი მოინახულეს.
ხადურების ოჯახის საცხოვრებელი ხანძარმა გაანადგურა. მამა და 13 წლის ქალიშვილი გაუსაძლის სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ქუთაისის მერიის სოციალური პროგრამების ფარგლებში, ოჯახს გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება, მათ შორის, სამედიცინო და ინფრასტრუქტურული. „ვორლდ ვიჟენის“ დახმარებით დაიწყო ბინის რემონტი, ავეჯით მოამარაგა sos ბავშვთა სოფელმა, მოწესრიგდა ბავშვის სკოლაში წასვლის საკითხიც. გოგონა დადის მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრშიც.
„ კრიზისულ სიტუაციებში მყოფი ოჯახების დასახმარებლად შევქმენით გადაუდებელი რეაგირების პროგრამა და უკვე რამდენიმე ოჯახს გავუწიეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება. ჩვენ ვუკავშირდებით სხვადასხვა ორგანიზაციებს, ვთხოვთ მათ ჩართულობას ასეთი ოჯახების დასახმარებლად და შედეგებიც სახეზე გვაქვს - ყველა ამ ოჯახის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა“- განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.