თბილისში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ გამოცხადებული 2018-2019 წლების საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოება გაიმართა. ნომინაციაში „მუნიციპალური სოციალური პროგრამები მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ გაიმარჯვა ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, თემაზე საუკეთესო პრაქტიკად აღიარებული პროექტისთვის „მრავალშვილიანი ოჯახების მცირე ბიზნესის ხელშეწყობა“. აღნიშნული პროგრამა განხორციელდა მეწარმე ქალთა ფონდთან ერთად . დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე. „ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ყოველწლიურ კონკურსში მონაწილეობა ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის ჩვენი საქმიანობის შეფასების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის ეფექტურობა ცალკეული სფეროების და მიმართულებების მიხედვით საბოლოო ჯამში განაპირობებს ერთიან სურათს, თუ რა და როგორი მუშაობა გავწიეთ 2019 წლის მანძილზე. ამავე დროს, ამის მიხედვით განვსაზღვრავთ მომავალი წლის პრიორიტეტებსაც. ამასთანავე, ეს კონკურსი თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების საუკეთესო საშუალებაა.” - განაცხადა დაჯილდოების ცერემონიაზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.