ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
სამინისტრომ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან თანამშრომლობით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) განხორციელების პროცესების მხარდაჭერის მიზნით, განვითარების პარტნიორებთან ონლაინ შეხვედრა მოაწყო.
შეხვედრის მიზანი იყო ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პოლიტიკის ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე მიმდინარე ღონისძიებების, საჭიროებების და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გეგმების განხილვა.
ონლაინ შეხვედრაზე 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო პროგრამის განხორციელების ფარგლებში მიღებულ გამოცდილებასა და რეგიონის საჭიროებებზე იმსჯელეს.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ( სრიგპ) წარმოადგენს ევროკავშირის თანამედროვე მიდგომების მიხედვით შემუშავებულ ინტეგრირებულ რეგიონული განვითარების პოლიტიკის დოკუმენტს და მიზნად ისახავს ხელსაყრელი გარემოს შექმნას და დაბალანსებულ მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.