ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმში განსაზღვრულია კონკრეტული ქმედებები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ქალაქ ქუთაისის ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩასართავად. ქუთაისმა აიღო ვალდებულება, შეუერთდეს 40-ზე მეტი ქვეყნის 3000 ქალაქს და ადგილობრივ თვითმმართველობებს, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით უკვე ხორციელდება ეს პროექტი. „დღეს მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი. ჩვენთვის დიდი პატივია და ამასთანავე, უდიდესი პასუხისმგებლობაც, შევუერთდეთ ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტს შორის ფორმდება, განსაზღვრავს იმ გზას და სამოქმედო პროგრამს, რომლითაც ჩვენი ქალაქი უნდა გახდეს იუნისეფის ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის ნაწილი. ამ მემორანდუმის თანახმად, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ დავიცავთ ბავშვთა უფლებების კონვენციის პრინციპებს. ქუთაისის მერიაში უკვე შეიქმნა განყოფილება, რომელიც ბავშვთა საკითხებზე მუშაობს. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობაში მივიღებთ, ბავშვებზე ზრუნვის ნიშნით იქნება გაჯერებული.“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა. ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა მხარს უჭერს მუნიციპალიტეტების მთავრობებს ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების განხორციელებაში, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის გათვალისწინებით.