ქუთაისის მერიაში საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს უმასპინძლეს. უკრაინელი დიპლომატი მერიის თეთრ დარბაზში ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა , მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ და საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლორთქიფანიძემ მიიღეს. ელჩი დაინტერესდა, თუ როგორ მოქმედებდა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა პანდემიის პირობებში. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა საგანგებო მდგომარეობის დროს ქალაქში განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე.
„ქუთაისს უკრაინაში 5 დამეგობრებული ქალაქი ჰყავს. ვისაუბრეთ სამომავლო პროექტებზე და 2021 წელს, ქუთაისში დაგეგმილ „ ევროპის კულტურული მარშრუტების ფორუმზე" მოვიწვიეთ ბატონი იგორ დოლგოვი.“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე, რომელიც უკრაინელი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.