ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი წარმატებულ ახალგაზრდა მოკრივეებს და მათ მწვრთნელებს შეხვდა. ქუთაისელმა მოკრივეებმა საქართველოს პირველობაზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
კრივში საქართველოს პირველობა ბათუმში 25-28 თებერვალს ჩატარდა. შეჯიბრებაში ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების 12 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათგან საპრიზო ადგილზე 5 სპორტსმენი გავიდა:
პირველი ადგილი დემეტრე მიქაუტაძემ და თემურ ქართველიშვილმა მოიპოვეს, მე-2 ადგილზე საბა ერემეიშვილი და დავით მიქაუტაძე გავიდნენ, ბრინჯაოს მედალს კი გიორგი ლეთოდიანი დაეუფლა. მწვრთნელების ზაალ ჯავახაძის, ბეჟან სიჭინავას და ავთანდილ კაშიას შეგირდებმა ევროპის პირველობაზე მონაწილეობის ლიცენზიაც მოიპოვეს.
" კრივი ქუთაისისთვის ტრადიციული სპორტის სახეობაა და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ახალგაზრდა მოკრივეები ამ ტრადიციებს ღირსეულად აგრძელებენ. დღეს საქართველოს პირველობაზე გამარჯვებულ ჩვენს თანაქალაქელ მოკრივეებს შევხვდი. მადლობა მინდა ვუთხრა მათ მწვრთნელებსაც, რომელთა შრომის შედეგია ეს წარმატებები. ქუთაისის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და ხელს შეუწყობს ქალაქში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას. “- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქალაქის მერმა წარმატებულ მოკრივეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.